დიმიტრი ხუნდაძე - ნიკა მელია თუ გირაოს არ გადაიხდის, პასუხი კანონისმიერი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ქვეყანაში აურზაური შექმნას, მაგრამ ამას მთავრობა არ დაუშვებს
დიმიტრი ხუნდაძე - ნიკა მელია თუ გირაოს არ გადაიხდის, პასუხი კანონისმიერი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ქვეყანაში აურზაური შექმნას, მაგრამ ამას მთავრობა არ დაუშვებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას კანონი ავალდებულებს, რომ მან დაკისრებული გირაო გადაიხადოს. თუმცა, როგორც ხუნდაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, ამ ქმედებას პასუხი კანონის მიხედვით გაეცემა.

„ნიკა მელიას არჩევანია, გადაიხდის, თუ – არა, მაგრამ კანონით ვალდებულებაა, რომ მან გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, ამას კანონი არეგულირებს. კანონში სახელი და გვარი არ არსებობს და შესაბამისად, გამონაკლისები ვერ იქნება. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პასუხი კანონისმიერი იქნება. ნიკა მელიას გადაწყვეტილება იმ დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს. მათი მიზანია, დესტრუქციული ქმედება მოიყვანონ რეალობაში, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალონ და ქვეყანაში აურზაური შექმნან, რაც დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.