დიმიტრი ხუნდაძე - მედიკამენტებზე უკონტროლო, მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც
დიმიტრი ხუნდაძე - მედიკამენტებზე უკონტროლო, მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც

სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, როგორც მთელ მსოფლიოს. საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების ფაზა, შემდეგ, წინასწარ ჩვენს მიერ პროგნოზირებული შესაძლო მეორე ტალღა, რომელიც რეალობად იქცა, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, სიმძიმემ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო სხვადასხვა მიმართულებით ქუჩაში პოლიტიკური აურზაური ამ პრობლემის დამძიმების ბიძგი აღმოჩნდა.

იგი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ქვეყანა ამ მიმართულებით და მოლოდინია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც ჯანდაცვასა და სოციალურ თემატიკას პირდაპირ ეხება.

„ჯანდაცვაში 50 პროცენტი ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70 პროცენტი არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი – ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატისგან იყო პირობა, რომ ის იქნება პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მან გამოხატა პოლიტიკური ნება, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური ნების თამასა კიდევ უფრო უნდა აიწიოს. მინდა გთხოვოთ, რომ გაგვაცნოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მზაობა, რომ ამ პოლიტიკურ ნებას ჩვენ ერთად დავდებთ და ეს იქნება პირობა იმისა, რომ გავალთ შედეგზე და ქვეყანაში ეს სექტორი იქნება არა უმძიმესი ტვირთი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.