დიმიტრი ხუნდაძე - „ლელოსგან“ ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე შემთხვევაში ხალხისგან საქილიკო გახდნენ
დიმიტრი ხუნდაძე - „ლელოსგან“ ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე შემთხვევაში ხალხისგან საქილიკო გახდნენ

1000-ლარიანი პენსია რომ რეალობისგან შორს არის, ამის დათვლა სკოლის მოსწავლესაც კი შეუძლია. მაგრამ საარჩევნოდ ხმები სჭირდებათ და პენსიონერების მოტყუებასაც კი არ თაკილობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებებს განიხილავს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს.

„„Ლელოსგან” ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე შემთხვევაში ხალხისგან საქილიკო გახდნენ. პირველი შეეხება საპენსიო პოლიტიკას და ხანდაზმულებს, რომლებსაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 1000-ლარიან პენსიას დაჰპირდნენ; ხოლო მეორე – ბიძინა ივანიშვილის „რუსეთში გასახლებას”, როგორც თავად განგვიცხადეს. 1000-ლარიანი პენსია რომ რეალობისგან შორს არის, ამის დათვლა სკოლის მოსწავლესაც კი შეუძლია. მაგრამ საარჩევნოდ ხმები სჭირდებათ და პენსიონერების მოტყუებასაც კი არ თაკილობენ. ტყუილი ყველა შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ როდესაც პენსიონერს ატყუებ ხმების მიღების მიზნით, ეს, სულ მცირე, პოლიტიკური უზნეობაა. თავად პენსიონერები საუბრობენ იმაზე, რომ ეს დღეს შეუძლებელია, რამდენიმე წლის შემდეგ კი რეალურს თავად ჩვენი ხელისუფლება გახდის. სწორედ ამისთვის ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას.

რაც შეეხება „ლელოს” მეორე დაპირებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თურმე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში წავა, ეს კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია, ვიდრე წინა. ვფიქრობ, თავად უფრო მოუწევს რუსეთში წასვლა, ვიდრე სხვას, რადგან არსად გამქრალა წარსულში მამუკა ხაზარაძის რუსეთთან ეკონომიკური კავშირები, რომლებიც პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირის გარეშე ვერ მოგვარდებოდა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ პაექრობას, ამაზეც უფრო გავლენიანი ადამიანები ოცნებობენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. წინასაარჩევნო კამპანია ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, თუმცა უკვე ვართ ოპოზიციისგან რამდენიმე ღიმილის მომგვრელი დაპირების მომსწრე. იმედია, საპარლამენტო არჩევნებს ხალხისგან ღიმილით არ ჩაატარებენ და მეტად სერიოზულად მიუდგებიან საზოგადოებას, რომელიც, ჩანს, რომ უფრო მაღლა დგას აზროვნებით, ვიდრე მთელი ოპოზიცია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.