დიმიტრი ხუნდაძე - ხედავთ, რომ სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ზრახვები, არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად შეიცვალოს, ეს დაუშვებელია
დიმიტრი ხუნდაძე - ხედავთ, რომ სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ზრახვები, არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად შეიცვალოს, ეს დაუშვებელია

ხედავთ, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდნენ დესტრუქციული ჯგუფები და სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ზრახვები, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად შეიცვალოს, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცულია, მაგრამ ამავე დროს დაცული უნდა იყოს კანონი.

„კანონს ვინც დაარღვევს, ის იქნება პასუხისმგებელი. თავი უნდა შევიკავოთ ორმაგი სტანდარტებისგან, მაგალითად, შეიძლება, თავს დაესხა „პოსტივის“ ჟურნალისტს და არ უნდა დაესხა თავს „მთავარის“ წარმომადგენელს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, ეს არის კანონდარღვევა. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ფიზიკური, მორალური, ზნეობრივი ძალადობისგან, თავი უნდა შევიკავოთ ბულინგისგან. არ შეიძლება, განსხვავებული აზრი იყოს მტრულად აღქმული და იარლიყები ჩამოვკიდოთ, თუკი კონკრეტული პიროვნება არ არის შენს აზრზე. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე.

ხედავთ, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდნენ დესტრუქციული ჯგუფები და სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ის ზრახვები, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად იქნას შეცვლილი. ეს დაუშვებელია. ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს არის დაუშვებელი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, შეფასებებს, განცხადებებს როდესაც ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ ობიექტურნი. ჩვენ არ გვინახავს არასამთავრობო სექტორიდან და ოპოტელევიზიებიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღიად ხელის შეშლის დაგმობა და მხოლოდ შერჩევითად ვაკეთებთ ასეთ შეფასებებს. შეფასება ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი კანონდარღვევას აქვს ადგილი, ნებისმიერი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც კანონს დაარღვევს. კანონი დაადგენს, ვის რა პასუხისმგებელი უნდა დააკისროს. მოძალადის, ვინც არ უნდა იყოს ის თანამდებობის, გვარ-სახელის, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ძალადობა დასჯადია“, – განაცხადა ხუნდაძემ.