დიმიტრი ხუნდაძე - ჯობდა, ნიკანორ მელია წინააღმდეგობის გარეშე კანონს დამორჩილებოდა, მაგრამ არ მოისურვა, რადგან მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი იყო, აურზაური შემდგარიყო
დიმიტრი ხუნდაძე - ჯობდა, ნიკანორ მელია წინააღმდეგობის გარეშე კანონს დამორჩილებოდა, მაგრამ არ მოისურვა, რადგან მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი იყო, აურზაური შემდგარიყო

ჯობდა ნიკანორ მელია კანონს დამორჩილებოდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მან ეს მოისურვა. ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომ უნდა შემდგარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა დასაძლევი და ამ მოვლენების გამო მიღმა რჩება მთავარი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.

„არ არის სადავო, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის და სამართლის უზენაესობა მთავარი საყრდენია, რომ ქვეყანაში იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა, რაც უცილებელი პირობაა იმის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში დასაძლევი. სამუშაო ბევრია და ასეთ მასკარადებზე იხარჯება დრო, ენერგია და მიღმა რჩება მთავარი პრიორიტეტული საკითხები, როგორიც არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკური საკითხები და სოციალური პრობლემები. კანონის აღსრულება ეს არის ვალდებულება ყველას მხრიდან და მისი არ აღსრულება ძალიან დიდი ხიფათის შემცველია. რა თქმა უნდა, ჯობდა, ნიკანორ მელია კანონს დამორჩილებოდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მან ეს მოისურვა. ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, უნდა შემდგარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად, არ არის დაზიანებები. მცირედი ტრამვები მხოლოდ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არც ერთს არ ემუქრება. ისინი დღეს უკვე ბინაზე გაეწერებიან. მხოლოდ მონიტორინგის ქვეშ არიან. მაგრამ რა თქმა უნდა, უმთავრესი არის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.