დიმიტრი ხუნდაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა, რათა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ
დიმიტრი ხუნდაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა, რათა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა, რათა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ, – ამის შესახებ აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფოებრივი ღალატი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გამარჯვებით შეცვალა.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, იუსტიციის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს. თეა წულუკიანის როლი განსაკუთრებით დიდი და გადამწყვეტია ამ საქმეში. ეს იყო ურთულესი და დიდი შრომა, რაც ჩაიდო ამ პროცესში. საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, განწირული ჰყავდა ქვეყანა მარცხისთვის. მათ ხელი მოაწერეს ისეთ დოკუმენტს, სადაც საქართველო თანაბრად დამნაშავე გამოდიოდა რუსეთთან ერთად აგვისტოს ომში და სადაც ომის დაწყება სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებამ ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალა.მრავალწლიანმა შრომამ ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებთან ერთად და პრინციპულმა, ნამდვილმა პატრიოტულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, საქართველომ ეს პროცესი მოიგო. ეს არის რეალური გზა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად და რუსეთის წინააღმდეგ სამართლიანი გზით საბრძოლველად.

სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებმა ცხადყო, ვინ არის რეალურად რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. სააკაშვილის მთავრობამ ჯერ რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, ხოლო შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში ცდილობდნენ ამ დანაშაულის გაფერმკრთალებას, მათ ომის დაწყებაზე, რუსეთთან ერთად, პასუხისმგებლობა საქართველოსაც დააკისრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფოებრივი ღალატი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გამარჯვებით შეცვალა. რუსეთთან სამართლებრივად უკვე გავიმარჯვეთ, ახლა კი გზა ხსნილი გვაქვს, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნულია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.