დიმიტრი ხუნდაძე - საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი სწორად მართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოგვიწიოს
დიმიტრი ხუნდაძე - საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი სწორად მართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოგვიწიოს

პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონპროექტს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ეპიდუსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის ბერკეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწიოს.

დეპუტატის თქმით, ქვეყანას კოვიდინფექციასთან ბრძოლის გზაზე გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ, ექიმებთან და საზოგადოებასთან ერთად, პროცესი სწორად მართა, ქვეყანა მაინც პანდემიის რეჟიმში რჩება, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნული სტატუსი არ მოუხსნია და საფრთხე ისევ არსებობს.

„არის შესაძლო მეორე ტალღის მოლოდინი და ბევრი ქვეყანა მეორე ტალღისთვის ემზადება. ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. მაგალითად, ბრაზილიაში, ამერიკაში, ინდოეთში, ისრაელში. ამ ქვეყნებში შეინიშნება ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. ამიტომ, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი სწორად მართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რაც უკვე პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს შეუქმნის, მით უმეტეს, მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და საგანგებო მდგომარეობის შესაძლო არსებობის შემთხვევაში, არჩევნები ვერ ჩატარდება. სამი ძირითადი მიზანი გვაქვს – მოსახლეობის ჯანმრთელობა დავიცვათ, ეკონომიკას არ მიადგეს შეუქცევადი ზიანი და ასევე პოლიტიკურ პროცესს არ უნდა შეექმნას საფრთხე. თუ კანონის ვადები არ გაგრძელდება, არჩევანი გვრჩება, რომ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა მივიღოთ, რაც კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ეკონომიკას და უფრო მძიმე იქნება მოქალაქეებისთვის. ხელისუფლებამ პროცესი აქამდე სწორად მართა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მთავრობას უფლებების ლეგიტიმაციას პარლამენტი აძლევს. პარლამენტის როლი არის შეუცვლელი, რადგან მას ყოველთვის აქვს უფლება, საზედამხედველო ფუნქცია შეასრულოს და მთავრობის ნებისმიერი ქმედება გააკონტროლოს, მაგრამ ამასთან, მთავრობას ვაძლევთ ბერკეტს, პროცესი ისე სწორად მართოს, როგორც აქამდე აკეთებდა”, – განაცხადა ხუნდაძემ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 15 ივლისამდე არის განსაზღვრული, ცვლილებებით ვადის 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელება იგეგმება. კერძოდ, ცვლილებით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი დადგინდა.