დიმიტრი ხუნდაძე - კოაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული
დიმიტრი ხუნდაძე - კოაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“და მისი განაყოფები ცდილობენ, სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიმართლე დაფარონ.

როგორც ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას გამიზნულად ახორციელებს.

„მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ალბათ, ხედავთ, რომ ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის – მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერზე მიდიან. ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაცია მიმდინარეობს ეკლესიისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ.

„ყოველთვის ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული განცხადებებსა და გამოსვლებში, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ჩვენს ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებული მოვლენები და ვფიქრობ, სრულიად გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაციაა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი, საკუთარ ლიდერთან ერთად, რომელიც ბოლოს გამოგვეცხადა, როგორც ეკლესიის პატივისმცემელი და მოძღვარი, თითქოს მას აღსარება უნდა ჩავაბაროთ, ჯვარი დაგვანახა და სწორედ ჯვარს დაუწყო ბრძოლა, მართალია, მათი ეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის კულმინაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოების ინტერესებთან ბრძოლის გზაზე. მაგრამ ეკლესიასთან ბრძოლა მათ დღეს არ დაუწყიათ. 16 წელია, ისინი ებრძვიან ამ ფუნდამენტურ საყრდენს საზოგადოებისა და ქვეყნისა, გახსოვთ, ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა, თავისუფლების ინსტიტუტისა და ბოკერიას ყოველდღიური დისკრედიტაცია ეკლესიის, როგორც ჩვენი მსოფლმხედველობის, კულტურისა და იდენტობის საძირკველზე. ახალაიების პირადი მოძღვარის, კარის მოძღვარის, პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება, და შემდეგ, მათი ლიდერის სააკაშვილის გამოხმაურება, რომელიც ღირსეულ კაცად აღიარებს მას. გაბუნიას ბილწსიტყვაობას, სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ, მაგრამ საზოგადოება არასდროს მიეჩვევა. გახსოვთ, ალბათ, ღვთისმშობელზე ფეხით შედგომა და საზოგადოების რწმენაში, სულში ჩაფურთხება. რამდენიმე დღის წინ, ამ მართლაც ჯოისტიკმა, შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას და ფონი შეუქმნა, კიდევ ერთხელ, მათ წარმომადგენელს, ყოფილ მეუფეს, პეტრეს, რომელიც კიდევ ერთხელ ილაშქრებს პატრიარქზე და მას პედერასტად აცხადებს. გრცხვენოდეთ! პატრიარქზე, რომელიც არის უხუცესი საჭეთმპყრობელი და ჩვენი სულიერი წინამძღოლი, პატრიარქს, რომელსაც პატივს სცემს ყველა ჯიშის, ყველა ჯილაგის, ყველა რწმენის წარმომადგენელი, გრიგონიალები, კათოლიკები, პატივს სცემენ მუსულმანები,  რა ჯიშის ხართ, რა ჯილაგის ხართ, რა რწმენის ხართ, რომ გინდათ, ყველაფერზე გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ. თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არც ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას. კმარა, გეყოფათ! და თქვენ, საზოგადოებას და ჩემი გუნდის წევრებსაც, გთხოვთ, რომ რეალურად შეაფასოთ სიტუაცია. არ არის საცდელი ობიექტი ეს ქვეყანა. გთხოვთ, უფრო მეტად პრინციპულები იყავით და ის შეცდომა, რაც დაუშვით მათთან კოაბიტაციით, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი