დიმიტრი ხუნდაძე - დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არის გარკვეული გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმებს შორის, ზოგ შემთხვევაში ფინანსურ შემოსავალს არჩევენ და გვერდზე ტოვებენ საექიმო ეთიკას
დიმიტრი ხუნდაძე - დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არის გარკვეული გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმებს შორის, ზოგ შემთხვევაში ფინანსურ შემოსავალს არჩევენ და გვერდზე ტოვებენ საექიმო ეთიკას

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება უკვე მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ფასები უნდა დარეგულირდეს, ადეკვატური იყოს და ჯიბიდან დანახარჯები არ უნდა იყოს გაურკვეველი მიმართულებით სარგებლობის მომტანი.

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძე დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო საშუალებების ფასების ექსპერტ ლუკა ვუნკინოს შეხვდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების ნახტომისებრი ზრდა შეიმჩნევა, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება ასაკით პენსიონერებზე, რადგან ისინი მედიკამენტების მომხმარებლები არიან ქრონიკული დაავადებების მაღალი სიხშირიდან გამომდინარე.

„ზოგიერთ შემთხვევაში აქაური ფასი ევროპულ ფასს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ასევე არაჯანსაღია, როცა „ჯენერიკი” პრეპარატები უფრო ძვირია, ვიდრე ფარმაცევტული პროდუქტი. „ჯენერიკის” მიზანია ის, რომ ხარისხთან ერთად მისი ფასი არის დაბალი ბრენდულთან შედარებით. პრობლემას წარმოადგენს ისიც, როცა მედპერსონალის, ექიმების მიერ ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა ხდება და დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არის გარკვეული გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმებს შორის, რადგან ზოგ შემთხვევაში, ისინი ფინანსურ შემოსავალს არჩევენ და გვერდზე ტოვებენ საექიმო ეთიკას. რა თქმა უნდა, ეს აისახება მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯებზე. სამედიცინო დანახარჯებიდან უდიდესი ნაწილია მედიკამენტების. ერთ წელზე მეტია, რაც საკანონმდებლო ბაზის განახლებაზე მუშაობა დავიწყეთ, რადგან კანონმდებლობა არის მოძველებული. დღეს მოქმედი 2009 წელს არის მიღებული და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვერ არეგულირებს არსებულ გამოწვევებს. ახალი საკანონმდებლო ბაზა შევიმუშავეთ, რომელსაც ყველა მხარესთან გავივლით, თუმცა მნიშვნელოვანია, საკითხზე ექსპერტებთანაც გავიაროთ. კანონმდებლობის შემუშავების პირველ ეტაპზე იმ გეგმით წავედით, რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრა გადავდეთ, თუმცა რა თქმა უნდა, როცა პირველადი პროდუქტი იქნება საკითხს გავივლით მწარმოებლებთანაც. მათი მიზანიც უნდა იყოს, რომ მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი და იმპორტირებული პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და მას ჰქონდეს ადეკვატური ფასები”, – განაცხადა ხუნდაძემ.