დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებები სრულად არის დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებები სრულად არის დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ

ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდოლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში.

„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან. მით უმეტეს, ახლა, როდესაც დღითი დღე ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანია. ასევე, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ეროვნული თვითმყოფადობა, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, ერის ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების გადაცემა მომავალი თაობისთვის. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების და, ამასთანავე, ეროვნული ღირებულებების დაცვით. ბოლო პერიოდში დემოკრატიულ ქვეყნებში მომძლავრდა ლგბტ პროპაგანდა, სხვადასხვა კანონის თუ გადაწყვეტილებების მიღება ერთნაირსქესიანთა ქორწინების, შვილად აყვანის, გენდერული ნიშნით ტერმინების აკრძალვის თუ სხვა არატრადიციული ქმედებების დასაკანონებლად. შესაძლოა, საზოგადოების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და ასეც არის, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ რამდენადაც გარკვეული ძალები ცდილობენ იმავე იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში, ამდენად, საჭიროა პრევენციული ქმედება ჩვენი მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდოლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელიც იცავს ყველა სახის უმცირესობების უფლებებს საქართველოში. ლგბტ თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ. ჩვენ არ ვერევით პიროვნების პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს ტრადიციულ ღირებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ვალია, სწორედ ამ რწმენით და ტრადიციებით შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს“, – წერს ხუნდაძე.