დიმიტრი გვრიტიშვილს მოლოდინი აქვს, რომ საბჭოს მიერ შერჩეულ სიას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს
დიმიტრი გვრიტიშვილს მოლოდინი აქვს, რომ საბჭოს მიერ შერჩეულ სიას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიას საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის, – ამის შესახებ განცხადება საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საბჭოს მიერ შერჩეული სია საკანონმდებლო ორგანოში უცვლელად დამტკიცდება. ამის არგუმენტად გვრიტიშვილი შერჩეულ კანდიდატთა კომპეტენციას ასახელებს.

„მე ვიმედოვნებ, რომ შერჩეული კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის გათვალისწინებით, მათ პარლამენტშიც უნდა მოიპოვონ მხარდაჭერა ისევე, როგორც მოიპოვეს მხარდაჭერა იუსტიციის საბჭოში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება დღეს დამტკიცებულ სიას, გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ მოსალოდნელია პროტესტი, თუმცა პროტესტი იქნება ტენდენციური სუბიექტების მხრიდან.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცხადზე ცხადია. პროტესტი, რა თქმა უნდა, ექნება ზოგიერთ ტენდენციურ, დაინტერესებულ სუბიექტს, რომელიც წარსულის განმავლობაში არაერთგზის გამოირჩეოდა სასამართლოს მიმართ არაობიექტური შეფასებებით, გაყალბებული კვლევების წარმოდგენებით. აქედან გამომდინარე, მთავარია ის შედეგები, რაც დაიდო და რაც გამჭვირვალე გასაუბრებას ეფუძნება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.