დიმიტრი გვრიტიშვილი - პროცესების პირდაპირი გაშუქების შეზღუდვა გარკვეულწილად განპირობებული იყო ლეგიტიმური მიზნებით, მართლმსაჯულება განხორციელებულიყო საქმიან გარემოში
დიმიტრი გვრიტიშვილი - პროცესების პირდაპირი გაშუქების შეზღუდვა გარკვეულწილად განპირობებული იყო ლეგიტიმური მიზნებით, მართლმსაჯულება განხორციელებულიყო საქმიან გარემოში

სასამართლოს დამოუკიდებლობა არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის არც 2025 წლის ივნის–ივლისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, არც სასამართლოს დამოუკიდებლობა, არც მისი მიუკერძოებლობა და არც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„მასმედიის საშუალებებისა და პროცესის პირდაპირი გაშუქების შეზღუდვა გარკვეულწილად განპირობებული იყო მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური მიზნებით – უზრუნველყოფილიყო მართლმსაჯულების განხორციელება საქმიან გარემოში. საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა, როგორ ვითარდებოდა პროცესი მაშინ, როცა სასამართლო სხდომის დარბაზში მასმედიის კამერები იყო დაშვებული და მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია, იმ პირობებში, როცა სასამართლო პროცესის გარდა იქ ყველაფერი იყო. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტები. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს, რომ დაუშვებელია მართლმსაჯულების პროცესის პარალელურად სხვა „პარალელური პროცესის“ შექმნა. სასამართლო უნდა იყოს სივრცე, სადაც მოსამართლეს ერთადერთი საფიქრალი აქვს, რომ საქმიდან გამომდინარე, მშვიდ გარემოში შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილია როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ და მათი შეჯერების საფუძველზე გამოიტანოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომის დარბაზებში მასმედიის შეუზღუდავი გაშუქება მიმდინარეობდა, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. მოსამართლეები იძულებული იყვნენ, დარბაზში წესრიგის დამრღვევ პირთა მიმართ ზომების მიღებაზე – შენიშვნის გამოცხადებაზე, დარბაზიდან გაძევებაზე ან დაჯარიმებაზე. ეს ადამიანური რესურსის დიდი ნაწილის დახარჯვას მოითხოვდა. ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ხელს უშლიდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები იყო მიზანშეწონილი, გამართლებული და საბოლოო ჯამში, არ ზღუდავს პროცესის გაშუქების მექანიზმებს.

„მოგეხსენებათ, სასამართლო სხდომების დარბაზებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და პროცესის ვიდეოჩანაწერის მოთხოვნისა და მიღების უფლება ყველა მხარეს აქვს. მათ შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს, მიიღონ შესაბამისი ჩანაწერი და გადასცენ მასმედიის საშუალებებს. შესაბამისად, საზოგადოების კონტროლის ფუნქცია მართლმსაჯულებაზე არც შეზღუდულია და არც დაკარგული. უბრალოდ, მართლმსაჯულების სათანადო განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომის დარბაზში აღარ არის დაშვებული პირდაპირი ტრანსლაცია, თუმცა კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები სრულად შენარჩუნებულია“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

კითხვაზე, რომ მთავარი პრობლემა არის ვადები, რადგან ვიდეოჩანაწერის გამოთხოვას სჭირდება დრო, რის გამოც პროცესის დროული გაშუქება ვერ ხერხდება, გვრიტიშვილმა განაცხადა:

„ადვოკატი გამოდის და აკეთებს კომენტარს. ადვოკატს, დაცვის მხარეს, ბრალდებულის ნათესავებს, რომლებიც ესწრებიან პროცესს, სხვა დამსწრე პირებსაც აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლებთან გააკეთონ კომენტარები. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, იმავე დღეს თუ არა, ტექნიკური პროცესიდან გამომდინარე, მომდევნო დღეებში მაინც შესაძლებელია ჩანაწერის მიღება, მისი გადაცემა მხარეებისთვის და შემდგომ უკვე მასმედიის მიერ ამ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებაც“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, სასამართლო სხდომების დარბაზში მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებულ კითხვაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ „რეგულაცია არის ზოგადი ხასიათის და გამონაკლისებს არ ითვალისწინებს“.

„რეგულაციით ვგულისხმობ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო რეგულაციას და შემდგომ, მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტს. მართალია, გამონაკლისები არ არის დაწესებული, მაგრამ არ მესმის, რატომ გახდა ეს საკითხი ახლა აქტუალური, რადგან ეს რეგულაცია მოქმედებს ივნისიდან. უკვე რამდენიმე თვეა და არც ადვოკატებს და არც ჟურნალისტებს მობილური ტელეფონების ჩამორთმევის პრობლემა არ ჰქონიათ. დღეს ამ თემის გააქტიურება ჩემთვის გაუგებარია. რეგულაციის შინაარსი სხვაა, ხოლო მისი აღსრულება – სხვა. მობილური ტელეფონის ჩამორთმევა უკავშირდება აღსრულებას. ამავე რეგულაციის მიხედვით, მანდატურის სამსახური თავის ხელმძღვანელთან კოორდინაციით იღებს გადაწყვეტილებას, ის უფლებამოსილია და ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოართვას ტელეფონი, იქნება ეს ადვოკატი, ჟურნალისტი თუ სხვა დამსწრე პირი. დღემდე მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კონკრეტული საქმის ვითარებიდან და შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, მანდატურის სამსახურს კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული უფლებამოსილება – თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ტექნიკური საშუალება შეიძლება, უკანონოდ იქნას გამოყენებული, უკანონო ჩანაწერის გასაკეთებლად და შემდგომ გასავრცელებლად, მიიღოს ზომები.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა აკრძალა გადაღება, საზოგადოებამ არაერთხელ იხილა ფარული ვიდეოჩანაწერები სასამართლო სხდომებიდან. სწორედ აქედან გამომდინარე გახდა საჭირო ისეთი რეგულაციის მიღება, რომლის შემდეგ სასამართლოსა და მანდატურის სამსახურს, შექმნილი ვითარების, დამსწრეთა სტატუსისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით, ჰქონდეთ შესაბამისი ბერკეტი, რომ თუ იქნება რეალური, დასაბუთებული და ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ ეს ტექნიკური საშუალება ვიღაცამ შესაძლოა, არამიზნობრივად, უკანონო ჩანაწერის მოსამზადებლად და გასავრცელებლად გამოიყენოს, მხოლოდ მაშინ, ერთეულ შემთხვევებში, შეიძლება, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მობილურის ჩამორთმევის შესახებ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.