დიმიტრი გაბუნია - უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მუშაობაზე პრეზიდენტის ინფორმირებულობა გარანტირებული იქნება
უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მუშაობაზე პრეზიდენტის ინფორმირებულობა გარანტირებული იქნება,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციები სრულად იქნა გაზიარებული და შეჯერებული.
„მთავრობასთან სრულ თანხვედრაში ვართ. კონსულტაციების შედეგად ჩვენ ერთიან პოზიციამდე მივედით. წინააღმდეგობა თავიდანვე არ ყოფილა. ჩვენი პოზიციები მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან შევაჯერეთ. საბოლოო ჯამში იმაზე ჩამოვყალიბდით, რომ კანონში კონკრეტული ფორმულირებით გაიწერება მუხლი, სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა მაქსიმალურად ზუსტად გაიწერება. ეს ყველაფერი ინსტიტუციურ დონეზე იქნება, მისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მეორე მოსმენაზე ამ მუხლის საბოლოო ფორმულირება კანონის ცვლილებებში გაწერილი იქნება. ფაქტია ერთია, რომ უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლობა გადაწყვეტილია. ფორმაზე ვთანხმდებით. ჩვენი პოზიცია თავიდანვე ცალსახა იყო, რომ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის ადგილი, როგორც წევრის, ბუნებრივია, ვერ იქნება. საუბარია, თუ რა ფორმით მოხდება პრეზიდენტის ინფორმირებულობა და რა ფორმით იქნება ის წარმოდგენილი უსაფრთხოების საბჭოში“,-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანო, ანალიტიკური ცენტრი იქნება. ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენის რეჟიმში განიხილავს.