დიმიტრი ცქიტიშვილი - წარმატებების ეტაპობრივი აღიარება და დეკლარაციებში დაფიქსირება მნიშვნელოვანია, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - წარმატებების ეტაპობრივი აღიარება და დეკლარაციებში დაფიქსირება მნიშვნელოვანია, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ

მოლოდინი გვაქვს, რომ ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება და ხაზი გაესმევა იმ წარმატებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმირების კუთხით, ასევე ზოგადად ქვეყნის აღმშენებლობისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

„ამას დააფიქსირებენ ჩვენი პარტნიორები. ვფიქრობ, ძალიან ხელშესახები პროგრესი იქნება თვითონ ნატო-სთან ურთიერთობაში. გასაგებია, რომ წევრობაზე დღეს არ არის საუბარი, მაგრამ ამას თავისი დრო აქვს და ეს დრო აუცილებლად დადგება. ეტაპობრივი წარმატებების აღიარება და დაფიქსირება დეკლარაციებში მნიშვნელოვანია, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. გუშინ საღამოს გამოქვეყნდა სამიტის დეკლარაცია, რომელშიც ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია MAP-ი.

დღეს კი ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა უმაღლეს დონეზე. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი გახსნის და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.