დიმიტრი ცქიტიშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები ნაჩქარევი და სპეკულაციურია
დიმიტრი ცქიტიშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები ნაჩქარევი და სპეკულაციურია

დარღვევაზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და როცა საქმის არსი გამოიკვეთება, მსჯელობის მეტი საფუძველიო იარსებებს.

„არც ერთ ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს გარკვეული ინდულგენცია და არ უნდა იყოს დაცული იმის მიუხედავად, რომელ მხარეს იხრება მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, კითხვები არის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. როცა გამოიკვეთება გამოძიების არსი, მსჯელობის მეტი საფუძველი გვექნება. ოპოზიციის შეფასებები ძალიან ნაჩქარევია, როგორც ყოველთვის, ბუნებრივია მათი სპეკულაციური განცხადებები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.