დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების კუთხით სამართლებრივი ჩარჩო მეტ-ნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია
დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების კუთხით სამართლებრივი ჩარჩო მეტ-ნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია

შრომის უსაფრთხოების კუთხით სამართლებრივი ჩარჩო მეტ-ნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„შრომის უფლებების მიმართულებით თუ ცოტათი კიდევ ჩამორჩენა გვაქვს, შრომის უსაფრთხოების კუთხით ალბათ, 2017-2018 წლები ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი იყო. წელს, უკვე თებერვალში მივიღეთ ორგანული კანონი, სადაც პრაქტიკულად, მაღალ დონეზეა გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები. ვგულისხმობ სამართლებრივ ნაწილს. ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ყველა დირექტივის გათვალისწინებით მოხდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მარტო კანონი თავისთავად არაფერი არ არის, თუ მას განხორციელების მექანიზმები არ მიჰყვა და დგება საკითხი, როგორ უნდა განხორციელდეს კანონი, რაც დღეს მთავარი გამოწვევაა.

„ალბათ, გარკვეული კოორდინაციის და რესურსების სწორი გამოყენების საკითხია მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ობიექტი ძალიან ინტენსიურად შემოწმდეს, რათა რომელიმე ობიექტი ყურადღების მიღმა არ დარჩეს, თუნდაც რაღაც მონაკვეთში, როცა შეიძლება, შემთხვევა მოხდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოხდა ადგილობრივი რეალობის გათვალისწინება მაშინ, როცა ეს კანონი იქმნებოდა და რამდენად მოერგო ის ადგილობრივ საჭიროებებს, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი დაგვანახებს, რამდენად მოხდა ადგილობრივი სპეციფიკისა და რეალობის გათვალისწინება.

„თითოეული კანონის განხილვის პროცესი დაახლოებით, ექვსიდან რვა თვემდე მიმდინარეობდა. განხილვის პროცესი არ იყო მხოლოდ პარლამენტარების ჩართულობით. აქ ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი ორივე მხრიდან – როგორც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, ისე დასაქმებულთა ინტერესების დამცველები, რაც მთავარია, პროფკავშირები და ყველა სხვა, შედარებით პატარ-პატარა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებსაც გარკვეული სპეციფიკა, ცოდნა და ექსპერტიზა გააჩნდათ,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, იყო თუ არა პროცესში ჩართული სამეცნიერო წრეები, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მეცნიერული მიმართულება ამ შემთხვევაში ცოტა მოკრძალებულად იყო ჩართული, მაგრამ იყვნენ ამ დარგის სპეციალისტები. 

„აკადემიური წრე არ იყო, ალბათ. ამას ვერ ვიტყვი და ვერ დავიბრალებ, მაგრამ იყვნენ ინსპექტორები. ის ადამიანები, რომლებმაც იციან, კონკრეტულად სამუშაო პროცესში რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ შეიძლება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაში, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მხრიდან, უნდა არსებობდეს შრომის უსაფრთხოების კულტურა, რაც წლების განმავლობაში მოიშალა და ეს ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ.

„მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, 90-იან წლებში ღვედის შეკვრა მოიშალა, მაგრამ დღეს უკვე დამკვიდრდა, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი კულტურის ნაწილი. ამას სახელმწიფო მკაცრ კონტროლს უწევს და შესაბამისად, ადამიანები ამას მიეჩვივნენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს თითოეული ადამიანის ტრაგედიაა.