დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების კუთხით ხარვეზები კანონის აღსრულების პროცესშია
დიმიტრი ცქიტიშვილი - შრომის უსაფრთხოების კუთხით ხარვეზები კანონის აღსრულების პროცესშია

შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობის ცალსახად გამკაცრება განსაკუთრებულს არაფერს მოგვცემს. მიმაჩნია, რომ გარკვეული ხარვეზები კანონის აღსრულების პროცესშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის უსაფრთხოებასა და რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ზოგიერთი კომპანია კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოსწორდეს.

„შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობის ცალსახად გამკაცრება განსაკუთრებულს არაფერს მოგვცემს. ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო პაკეტი, სამართლებრივი ბაზა გვაქვს. ჩვენ გვჭირდება აღსრულების ძალიან სწორი მექანიზმები, მეტი კომუნიკაცია ბიზნეს ასოციაციებთან იმისთვის, რომ მათ ასე ვთქვათ, გაიაზრონ, თავის წევრ ორგანიზაციებს, კომპანიებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. ჩვენ გვჭირდება პერმანენტული კომუნიკაცია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აღმოვფხვრათ ისეთი შემთხვევები, როგორთანაც აპრილის თვეში გვქონდა საქმე. ცალსახად არ შეიძლება ვინმეს კონკრეტულად დადანაშაულება. უბრალოდ მიმაჩნია, რომ კანონის აღსრულების პროცესში გარკვეული ხარვეზებია. ზოგიერთი კომპანია კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს. ეს მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ, თუმცა სანქციები დღეს უკვე არსებულია. ის კომპანიები, რომლებშიც შემთხვევები მოხდა, მათ საქმიანობა შეუჩერდათ, სანამ ძირეულად არ გამოსწორდება იქ არსებული გარემო.

არის კანონის მოთხოვნები და ეს კანონი კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. ბუნებრივია, რაც არ უნდა კანონი მივიღოთ, გარკვეულწილად, დანაშაულს მთლიანად ვერ აღმოვფხვრით. მაგრამ ამ კანონის სწორად აღსრულება ყველა იმ შემთხვევაში, როცა კანონი დარღვეული იქნება, გახდება გარანტი, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ სტანდარტამდე, როდესაც კომპანიები მიხვდებიან, რომ წამგებიანია ადამიანის უფლებების ხარჯზე ბიზნესის კეთება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით,  ახალი რეგულაციები, რომლებიც სექტემბრიდან ამოქმედდება, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორის ინსპექტირებას ითვალისწინებს.

„სექტემბრიდან შრომის ინსპექციას უფრო ფართო მანდატი ეძლევა. თავისუფალი შესვლის უფლება ექნება აბსოლუტურად ნებისმიერ კომპანიაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გაუფრთხილებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშე. ეს ერთგვარი პრევენციული მექანიზმია. ასევე, ძალიან ფართოვდება საწარმოთა ჩამონათვალი, რომელიც მოექცევა შრომის უსაფრთხოების კანონის ქვეშ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა შრომის უსაფრთხოებასა და რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ბიზნესასოციაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.