დიმიტრი ცქიტიშვილი - შესაძლოა, გარკვეული შემთხვევები კლუბებში, ახალგაზრდულ წრეებში ხდებოდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ის, რომ კლუბები ამის სათავედ განვიხილოთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - შესაძლოა, გარკვეული შემთხვევები კლუბებში, ახალგაზრდულ წრეებში ხდებოდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ის, რომ კლუბები ამის სათავედ განვიხილოთ

საზოგადოების ერთ ნაწილში ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობაა, რაც დაუშვებელია, რადგან ახალგაზრდები და კლუბები ეს ის სოციალური გარემოა, სადაც ჩვენი საზოგადოების გათანამედროვება, გაევროპულება ხდება და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული შემთხვევები კლუბებში, ახალგაზრდულ წრეებში ხდებოდეს, არ უნდა დავუშვათ ის, რომ კლუბები ამის სათავედ განვიხილოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს საკითხები ცალსახად უნდა გავმიჯნოთ და მათ ძალიან ჯანსაღად, ობიექტურად უნდა შევხედოთ. კლუბის მეპატრონეები ძალიან ცდილობენ, ქვეყნის გათანამედროვებას და პროგრესს ხელი შეუწყონ და მათი ასეთ საკითხებში დადანაშაულება არანაირად არ შეიძლება ისევე, როგორც არ შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონკრეტულ ფაქტში, რადგან ეს არის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის მოხდება, რადგან სამწუხაროდ, ნარკოტიკის მომხმარებელი რისკის ზონაში თავად შედის და ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო უძლური იქნება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ისეთ ტრაგიკულ შემთხვევებს ვერ ავირიდებთ, როგორიც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, რადგან ყველა ახალი ნარკოტიკი ახალი საფრთხე, ახალი რისკია და ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, რისკის ზონაში თავისი ნებით შედის.

„ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ნარკოდამოკიდებული იყოს და გვქონდეს მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რაშიც შესაძლოა, ის აღმოჩნდეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.