დიმიტრი ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯართან დაკავშირებით საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო
დიმიტრი ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯართან დაკავშირებით საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯართან დაკავშირებით საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ გულისხმობდა არა იმას, რომ ჯარი არ გვყავს. არამედ იმას, რომ ქვეყნის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის განათლება და ადამიანური კაპიტალი. იმედი მაქვს, რომ მისი განცხადების შინაარსი ეს იყო. თორემ წარმოთქმული იყო არასასიამოვნო ფორმით. მგონია, რომ განმარტება ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ პრეზიდენტის განცხადებაში არ იყო ის აზრი, როგორც საზოგადოებამ გაიგო“, – განაცხდა ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.