დიმიტრი ცქიტიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე განმარტებას აკეთებს
დიმიტრი ცქიტიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე განმარტებას აკეთებს

ნარკომანია და ნარკოტიკების მოხმარება პრობლემაა, ამ თვალსაზრისით ცუდი მაჩვენებლები გვაქვს და სწორედ ამიტომ ვარ იმ ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში ეფექტიანად მუშაობს.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩანაწერს, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“, ცქიტიშვილის თქმით, კულტივირებასთან დაკავშირებით ანგარიშში უზუსტობაა ან შესაძლოა, ინფორმაცია იმ პერიოდშია მიღებული, როცა აღნიშნული საკითხები განიხილებოდა.

„რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, უზუსტობაა მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებით. შეიძლება, ანგარიში იმ პერიოდშია მიცემული, როცა ეს საკითხები განიხილებოდა. იცით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, მაგრამ ზოგადად, ნარკომოხმარების მენტალური დამარცხება გვჭირდება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში.