დიმიტრი ცქიტიშვილი - საინტერესო ორდღიანი კონფერენცია გველის, რომელიც საერთაშორისო შრომით გამოწვევებს ეხება
დიმიტრი ცქიტიშვილი - საინტერესო ორდღიანი კონფერენცია გველის, რომელიც საერთაშორისო შრომით გამოწვევებს ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციის „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 7-8 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ცქიტიშვილის განცხადებით, დისკუსიები გაიმართება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შრომის გამოწვევებსა და ადამიანურ რესურსებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, სადაც ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან ერთად გლობალურ საკითხებს განვიხილავთ. 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აზიის, აფრიკის, ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

დისკუსიები გაიმართება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შრომის გამოწვევებზე, ადამიანურ რესურსებზე. სამუშაო ბაზარზე გარკვეული ცვლილებები ხდება და ადამიანის როლი მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბევრი ქვეყნისთვის.

ბევრი საინტერესო სპიკერი გვეყოლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი ახლო მეგობარი და პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი ბატონი სერგეი სტანიშევი. საინტერესო ორდღიანი სამუშაო რეჟიმი გველის; საშუალება გვექნება გლობალური გამოწვევების ნაწილში საქართველომ თავისი კონტრიბუცია შეიტანოს, რათა საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე წვდომით ახალი ტექნოლოგიური ეპოქისთვის მზად ვიყოთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს თბილისში, „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიმართება.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD), კონსტანტინ ვოინოვი.