დიმიტრი ცქიტიშვილი - საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულიბისკენ მისწრაფებაში
დიმიტრი ცქიტიშვილი - საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულიბისკენ მისწრაფებაში

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კონგრესმენ მალინის შეფასებები საქართველოს მთავრობასა და „ქართულ ოცნებაზე“ არ არის სწორი.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს,  ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მომძლავრდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ვფიქრობ, რომ კონგრესმენ მალინის შეფასება ერთი მხრივ სწორი არ არის. არ მგონია, ასეთი კონკრეტული კავშირები არსებობდეს. იმ პერიოდში, როცა „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი, მსგავსი კავშირების შესახებ არა თუ არ ვიცოდი, მსგავსი შეგრძნებაც კი არ მქონია. არ მგონია, ასეთი კავშირები იყოს. ასეთი შეფასებები და დაშვებები, რომ არ კეთდებოდეს, საჭიროა, ქვეყანაში ძალიან მკაფიო დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ძალიან შემაშფოთებელია, რომ ამერიკის კონგრესსა და ზოგადად ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან მომძლავრდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა. ამას სჭირდება არა კონკრეტული წერილები ან მესიჯების გაგზავნა, არამედ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულიბისკენ მისწრაფებაში და დასავლური პოლიტიკური ღირებულებების აღსრულების გულწრფელობაში. ამას სჭირდება ნაბიჯები და არა მხოლოდ კომუნიკაცია. მარტო წერილი და ლობისტები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებენ. წერილები იძლევა შედეგს, როდესაც მას აქვს ძალიან მყარი საფუძვლები, რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი დემოკრატიისთვის. მათშორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ახლა „საარჩევნო კოდექსი“, კარგად ჩატარებული არჩევნები და ყველა ის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც ქვეყანაში გასატარებელია, უნდა გატარდეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.