დიმიტრი ცქიტიშვილი - არსებობს კორექტულობის ფორმები, რომლითაც მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები ელჩთან დაკავშირებით უნდა საუბრობდნენ
დიმიტრი ცქიტიშვილი - არსებობს კორექტულობის ფორმები, რომლითაც მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები ელჩთან დაკავშირებით უნდა საუბრობდნენ

როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ელჩმა, არსებობს კორექტულობის ფორმები და ნორმები, რითაც უნდა საუბრობდნენ, როგორც მედიასაშუალებები, ასევე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

„ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას ვეთანხმები. როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ელჩმა, არსებობს კორექტურობის ფორმები და ნორმები, რითაც უნდა საუბრობდნენ, როგორც მედია საშუალებები, ასევე პოლიტიკოსები. ამ ზღვარიდან გადასვლა კარგად არ ახასიათებს თავად ამ პოლიტიკურ ჯგუფებს. მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა იმ განცხადებას, რაც გააკეთა ელჩმა, ასეთი დამოკიდებულება ელჩის მიმართ, მიუღებელია. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია და ამ ფორმით გამოხატავენ განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებას, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც იგრძნობა, რაც ცუდია და ამკვიდრებს ნეგატიურ პრაქტიკას პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.