დიმიტრი ცქიტიშვილი - ის, რასაც უკვე მკვდარი პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ, არის უზნეო მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით
დიმიტრი ცქიტიშვილი - ის, რასაც უკვე მკვდარი პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ, არის უზნეო მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით

ცენტრალური გამზირის სამანქანო ნაწილზე კარვების განთავსებას პროვოკაციას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი განმარტებით, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზება ვერ შეძლეს, ამგვარ ქმედებას პროვოკაციის მიზნით მიმართეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ მოახერხეს საპროტესტო აქციის განხორციელება და ჩატარება, ცდილობენ პორვოკაციაზე წამოაგონ ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, სამართლიანობის მხარეს, ზაზა სარალიძის მხარეს და არ მივცემთ უფლებას უზნეო მანიპულატორებს, ტრაგედია გამოიყენონ პოლიტიკური ქულების დასაწერად“, – განაცხადა ცქიტიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ზაზა სარალიძის მდგომარეობით სარგებლობენ და მისით მანიპულირებას ცდილობენ, რათა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„მინდა გავყო ცალსახად- არის ზაზა სარალიძე თავისი ტრაგედიით და საზოგადოების გარკვეული მხარდაჭერა მის მიმართ და არიან პარტიები, რომლებიც ცდილობენ, მანიპულირება მოახდინონ ამ პროცესით და ყველანაირ პროვოკაციაზე არიან მზად. ბატონი ზაზა ძალიან მალე დაინახავს, რეალურად ვინ დგას მის გვერდით და ვინ ცდილობს მისი ტრაგედიის გამოყენებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისია, იმ ფორმატით, რომლითაც შეიქმნა, არის ცალსახად მოწოდებული, რათა დადგინდეს სიმართლე და ბატონი ზაზას ტკივილს და ეჭვებს გაეცეს პასუხი, საზოგადოებას ყველა კითხვაზე იყოს პასუხი. დანარჩენი ის, რასაც მე ვიტყოდი, უკვე მკვდარი პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ, არის უზნეო მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით, ბატონი ზაზას ტრაგედიით“ ,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.