დიმიტრი ცქიტიშვილი - რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მათ შორის მიხეილ ჯანელიძე
დიმიტრი ცქიტიშვილი - რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მათ შორის მიხეილ ჯანელიძე

ვიცით, რომ რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველ გუნდში ბევრი რესურსი და ალტერნატივაა მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისთვის.

„ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდის გადახალისება საჭირო იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით საჭიროა, სოციალურ პოლიტიკაზე კონცენტრირება, რათა დახმარების პოლიტიკიდან ქვეყანა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკაზე გადავიდეს, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ეკონომიკური წარმატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი ნდობას უცხადებს პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს და ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს.