დიმიტრი ცქიტიშვილი - პროცესი გვაჩვენებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს სამართლებრივ და არა პოლიტიკურ პროცესს
დიმიტრი ცქიტიშვილი - პროცესი გვაჩვენებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს სამართლებრივ და არა პოლიტიკურ პროცესს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული შეთქმულება და მედიისთვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილი რომ ყოფილიყო, რაღაც ნაბიჯები აქამდე გადაიდგმეოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება საჩივრიდან გამომდინარე მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ დადგინდა, რომ კონკრეტული პირი ეჭვმიტანილია, გენერალური პროკურატურა ბრალი წაუყენებს და ამ ადამიანს თავის მართლება მოუწევს.

„ამაში განსაკუთრებულ კონსპირაციას ვერ ვხედავ. ოპონენტებს ყოველთვის სურთ, ყველა ფაქტი კონსპირაციებად და შეთქმულებად წარმოაჩინონ, მაგრამ არ ვფიქრობ, ამასთან გვქონდეს საქმე. განსაკუთრებული შეთქმულება და მედიისთვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილი რომ ყოფილიყო, აქამდე რაღაც ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, როცა ხელისუფლებას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ხელისუფლებაში ყოფნის მისი პირველი წლები იყო. თუ ამის ნება გაქვს, მაშინ შეგიძლია, ასეთი ნაბიჯები გადადგა. ცდილობენ, თავი იმართლონ იმ პოლიტიკოსებმა, ვინც პოლიტიკურ გამოწვევებს ვერ აეწყო. პროცესი გვაჩვენებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს სამართლებრივ პროცესს და არა პოლიტიკურ პროცესს“, – დასძინა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.