დიმიტრი ცქიტიშვილი - პრეზიდენტის ყოფნა უფრო სასურველი იქნებოდა მოკრძალებულ რეზიდენციაში
დიმიტრი ცქიტიშვილი - პრეზიდენტის ყოფნა უფრო სასურველი იქნებოდა მოკრძალებულ რეზიდენციაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება არაკორექტული და არასწორია იმის თაობაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი მორჩილი იქნება, თუ სასახლეში არ დარჩება.

ჟურნალისტებთან საუბარში ცქიტიშვილი გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლე მაშინ აშენდა, როცა საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა იყო, დღეს კი ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობაა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა მოკრძალებული უნდა იყოს.

„ეს სასახლე შეიძლება იყოს ბევრად მეტი, ვიდრე ახალი კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტის ადმინისტრაციას სჭირდება. პრეზიდენტის ყოფნა სასურველი უფრო მოკრძალებულ რეზიდენციაში იქნებოდა. მათ შორის, ათონელის ქუჩაზე. მნიშვნელობა აქვს არა შენობას, არამედ მასშტაბებს და იმას, რა ბიუჯეტი დაიხარჯება ადმინისტრაციაზე. ეს იმის შესაბამისად უნდა მოხდეს, რა კონსტიტუციური სისტემა გვაქვს. მარგველაშვილმა თქვა, რომ რეზიდენციაში არ შევალო, შევიდა და ალბათ, ახლა გასამართლებელი საბუთი უნდა ჰქონდეს, რომ ის რომ შევიდა, ყველა უნდა შევიდეს. პრეზიდენტის ნათქვამი კორექტული და სწორი არ არის, რომ მომავალი პრეზიდენტი თუ სასახლეში არ დარჩება, მორჩილი იქნება. პრეზიდენტის სასახლე იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს. ბევრად უფრო ლიმიტირებული აქვს, ვიდრე მაშინ ჰქონდა, როცა ეს სასახლე აშენდა. შესაბამისად, უფრო მცირე შენობა უნდა ჰქონდეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვა იქნება. დანარჩენი არაკორრქტული დამოკიდებულებაა მომავალი ოპონენტის მიმართ”, – დასძენს ცქიტიშვილი.