დიმიტრი ცქიტიშვილი – პაატა ბურჭულაძე არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას უხერხულ და ამორალურ საქციელად აფასებს.
როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, პაატა ბურჭულაძე, როგორც მომღერალი სხვადასხვა კონცერტის მონაწილე არაერთხელ ყოფილა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კითხვები მის მიმართ არ არის, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი შეზღუდული უნდა იყოს.
„როგორც ჩანს, არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის. პოლიტიკოსის მხრიდან ეს საქციელი როგორც
მინიმუმ უხერხულია. მომღერალი თავის თავზე უფრო აგებს პასუხს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომღერალს უფრო მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.