დიმიტრი ცქიტიშვილი - ოთარ კახიძის გამოსვლა არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა იყო
დიმიტრი ცქიტიშვილი - ოთარ კახიძის გამოსვლა არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის გამოსვლა ჰგავდა არშემდგარი პროკურორის მოხსენებას.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რთულია, უსმინო იმ მაღალ ზნეობრივ მორალისტურ ლექციებს, რომლის ავტორებიც „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან.

„ამ ემოციურ ფონზე ძალიან ძნელია, რაღაც თავი შეიკავო და მოუსმინო იმ მაღალ ზნეობრივ მორალისტურ ლექციებს, რასაც ახლა ვისმენთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ თავიდანვე დიდი მოლოდინები მქონდა და ალბათ არ უნდა მქონოდა. კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან სუბიექტურად და თვითონ კომისიის სხდომაც, მიუხედავად იმისა, რომ შევქმენით მაქსიმალური კომფორტული ზონა, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული, კოლეგიალური, რატომღაც თავიდანვე ანგარიშსწორების სპექტაკლებად გადაიქცა, რომელიც იწყებოდა ინსტიტუციების მიმართ აგრესიით, რისი მეშვეობითაც შეგვეძლო დაგვენახა, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი მეორეს წინააღმდეგ ანგარიშს ასწორებდა და საბოლოო ჯამში ამას არქმევდა სამართლის ძიებას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ არათუ კოლეგიალურად განიხილა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე, არამედ პოლიტიკური დასკვნა მოამზადა.

„სამწუხაროდ, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არათუ კოლეგიალურად განგვეხილა ეს, არამედ მოგემზადებინათ პოლიტიკური დასკვნა, რომელშიც მაქსიმალურად გაითვალისწინეთ თქვენი ყველა პოლიტიკური მოთხოვნილება, რომელიც გქონდათ ინსტიტუციების მიმართ, მათ შორის პოლიტიკური ფიგურების გადაყენება -გადმოყენება, დანიშვნა თუ ა.შ. იმის მიუხედავად, გქონდათ თუ არა პირდაპირი ბმა, დაასაბუთეთ თუ არა მათი მონაწილეობა ამა თუ იმ საკითხში, ეს გამოიტანეთ პირდაპირ საჯარო სხდომაზე და არც კი დაუშვით შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეიძლება დავმსხდარიყავით და საქმიანად განგვეხილა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ორპარტიული კომისიის არსი ის იყო, რომ პოზიციები შეჯერებულიყო და დაბალანსებული დასკვნა მოემზადებინათ.

„სწორედ იმაში მდგომარეობს ორპარტიული კომისიის არსი, რომ შევთანხმებულიყავით, დაგვეახლოვებინა პოზიციები და დაბალანსებული ყოფილიყო დასკვნა და არა ის, რომ ვინმეს პოლიტიკური დღის წესრიგი განხორციელებულიყო. ეს ერთი საკითხია და ერთი პოლიტიკური უზნეობაა თქვენი, რაც თქვენ გახასიათებთ. ის რომ თეა წულუკიანი არ მოგწონთ, არც გიორგი გახარია და არც შოთაძე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მოგწონდეთ, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა. ყველაზე დიდი უზნეობა რაც დღეს მოვისმინეთ, ბატონო ოთარ, ეს არ იყო კომისიის წევრის გამოსვლა, ეს იყო საბრალდებო სიტყვა პროკურორის, არშემდგარი პროკურორის, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს შინაგანი ძალადობა იმისთვის, რომ რაღაც თავისი ჩამოყალიბებული სცენარი ისე წარმოაჩინოს, როგორც მართალი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტის სესიაზე აღნიშნა, ოპონენტებმა ბევრი ფაქტი დაამახინჯეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ კალანდია რამენაირად მკვლელად წარმოჩენილიყო.

„ვერ დაამტკიცეთ, რომ დანა დაარტყა, მაგრამ უშვებთ ამას და რაც მთავარია, ლინჩის წესით გასასამართლებლად უგდებთ საზოგადოებას, რომ გაბრდღვნან ეს ბავშვი, დამნაშავეა თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გინდათ, ააკრათ მას მკვლელის იარლიყი და ამ კომისიის საბოლოო დასკვნა იყოს ასეთი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.