დიმიტრი ცქიტიშვილი - ნიკა გვარამიას შეუძლია, დამშვიდდეს 
დიმიტრი ცქიტიშვილი - ნიკა გვარამიას შეუძლია, დამშვიდდეს 

დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს, რადგან ასეთი რამ რომ გვდომოდა, 2012-2013 წლებში ძალიან კარგი საფუძვლები იყო და ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც გამოკითხვაზე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის დაბარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ამოცანა გვარამიას პოლიტიკური დევნა რომ ყოფილიყო, ეს მაშინაც გაკეთდებოდა.

„შეუძლია, ნიკა გვარამიას მშვიდად იყოს. პროცედურები არსებობს, რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. არ მგონია, ეს აჟიოტაჟის საფუძველი იყოს. რა გგონიათ, გვარამიას ისეთი შიში გვაქვს, რომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ? არ მგონია, ეს საკითხის მიმართ რაციონალური დამოკიდებულება იყოს. ვიღაცას საჩივარი აქვს შეტანილი და გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს. დანარჩენი მცდელობაა, ყველაფრისგან აჟიოტაჟი შეიქმნას“, – დასძინა ცქიტიშვილმა.

პროკურატურა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.