დიმიტრი ცქიტიშვილი - ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე გერმანიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია
დიმიტრი ცქიტიშვილი - ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე გერმანიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რაც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხდება, არის ძალიან დიდი უსამართლობა.

„სიტყვა ოკუპაციას იტყვის თუ არა, შინაარსი ყოველთვის არის ნათქვამი. გუშინაც იყო საუბარი, დღეს თავად სიტყვა ოკუპაციაც იყო ნათქვამი. არ ვფიქრობ, რომ სიტყვებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს, მთავარია შინაარსი. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო ნათქვამი, რომ მისთვის ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, რაც ხდება საქართველოში, ამაზე საუბრობს მსოფლიო ლიდერებთან და მისი პოზიცია იცის რუსეთის პრეზიდენტმა, რომ გერმანია ამ პროცესს არ შეეგუება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, მე ვიტყოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს საზოგადოებას სჭირდება იმის განცდა, რომ საერთაშორისი თანამეგობრობა ჩვენ გვერდით დგას და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იყო მნიშვნელოვანი განაცხადი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების კუთხით.

აქ ასევე გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა დგამს, საკმარისი არ არის და კიდევ უფრო ქმედითი უნდა გახდეს. ბუნებრივია, დეტალებზე ერთი ვიზიტის ფარგლებში ძნელია საუბარი, მაგრამ ის, რომ ქმედითი ნაბიჯები და უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ძალიან მკაფიოდ ითქვა ქალბატონი მერკელის განცხადებაში“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული და ამ თანამშრომლობას არათუ შემცირება, არამედ გაღრმავება და გაფართოება ელის.

„ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა იმ საქმეებსა და გამოწვევებში, რომლის წინაშეც საქართველო დგას, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ქმედებების შეჩერება, ამ მიმართულებით საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია, რომელშიც, რა თქმა უნდა, გერმანიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც დიდწილად განაპირობებს ევროპული და მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბებასაც.

მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი ამბიციები და მისწრაფებები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების და აქაც გერმანიას განსაკუთრებული როლი შეუძლია შეასრულოს. ბუნებრივია, ჩვენ ვიცით და ახალი ამაში არაფერია, რომ მყისიერ გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა ამ გზაზე გერმანიის მხარდაჭერა განსაკუთრებულად საჭირო და კრიტიკულია, რადგან ჩვენ გვჭირდება არამარტო გაწევრიანება, არამედ ამ გზის სწორად გავლა, სწორი ინსტიტუციური მშენებლობა, ეკონომიკური გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და აქ გერმანია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გერმანია-საქართველოს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, რკინიგზის უწყებებს შორის არის დაწყებული საინტერესო თანამშრომლობის პროცესი.

„განათლების სფეროში მნიშვნელოვანი განაცხადი გაკეთდა, რომ ყველანაირად შეგვიწყობენ ხელს, რათა დაგვეხმარონ დუალური განათლების სისტემის განვითარებაში, რომელიც მუშაობას და სწავლას გულისხმობს.

ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხია, რომელიც თავისთავად ნიშნავს, რომ დღითიდღე კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდება ჩვენ შორის თანამშრომლობა, რაც ყველა დანარჩენი საკითხის წარმატებას განაპირობებს, როგორც გაწევრიანებას ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.