დიმიტრი ცქიტიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის, მათ საერთო ღირებულებები აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროგრესული ნაწილი გამოეყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი იმ წიაღში დაბრუნდნენ, საიდანაც დაიწყეს.

„იმ ადამიანებთან ვერასოდეს გავერთიანდები, ვისთანაც ამხელა განსხვავება მაქვს. როგორც ჩანს, განსხვავება არ აქვთ, საერთო ღირებულებები აქვთ. გუშინ ზოგი ბოდიშს იხდიდა, ზოგს მიაჩნია, რომ
სწორი იყო. ერთად ყოფნა უნდათ და ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. გაერთიანდებიან თუ არა, მათი საქმეა. შეიძლება სატელიტურ პარტიებად დარჩნენ, მთავარია, იდენტობა და ფილოსოფია, რომელიც მათ ახასიათებთ და მათთვის საერთოა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“.