დიმიტრი ცქიტიშვილი - მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დასუბსიდირება საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად კეთდება და არა - რუსეთისთვის
დიმიტრი ცქიტიშვილი - მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დასუბსიდირება საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად კეთდება და არა - რუსეთისთვის

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირება საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად კეთდება და არა – რუსეთისთვის.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, სტიმულირება კეთდება, რათა საქართველოს ის მოქალაქეები არ დაზარალდნენ, ვინც ორიენტირებული იყო ზაფხულის სეზონზე მიღებულ შემოსავალზე, რითაც მთელი წელი ცხოვრობენ.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება აქვს, პროცესში ჩაერთოს და მათი რისკები დააზღვიოს.

„რუსეთიდან არიან ტურისტები და ეს ამიტომ გაკეთდა. მოლაპარაკება კიდევ გრძელდება სხვა ავიაკომპანიებთანაც, როგორც ვიცი, სხვა რეისებიც ემატება. საერთაშორისო ბაზრების, ევროპის ბაზრების გაფართოების მიზნითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ არის რუსეთისთვის გაკეთებული, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისთვის გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, იმ ადამიანების რისკები დააზღვიოს, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ცქიტიშვილის ცნობით, კომპანიას, რომელიც სუბსიდირებას მიიღებს, გარკვეული ვალდებულება აქვს, კვირის მანძილზე რეისების რაღაც რაოდენობა შეასრულოს.

„ეს არ არის ფულის გადაყრა, არამედ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. რუსეთში პროპაგანდა არის, მაგრამ საქართველოში ტურისტები მაინც მოდიან. ტურისტების კლება გვაქვს და ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მოქალაქეებმა ტურისტები მიიღონ. უფლება არ გვაქვს, მოქალაქეებს არ დავეხმაროთ“, – დასძინა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.