დიმიტრი ცქიტიშვილი - ლევან ვასაძის განცხადებები არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ლევან ვასაძის განცხადებები არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ლევან ვასაძის განცხადებები საკმაოდ საშიშია.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ვასაძის განცხადებები, სადაც ის პოლიციის კორდონის გარღვევაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ ქამრების გამოყენებასა და ყურის აწევაზე საუბრობს, ძალადობისკენ მოწოდებაა.

„სამართლებრივად ვერ შევაფასებ ამ განცხადებას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი სტრუქტურა გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ საშიში განცხადებებია. ეს არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა არალეგიტიმური დაჯგუფების წარმოშობის საფრთხე, აცხადებს, რომ შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

„გარკვეულწილად ეს იყო გამოწვევა არა კონკრეტული რომელიმე ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს გამოწვევა. კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დავრჩეთ, ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს გამოხატვის უფლება, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თითოეული მხარე, ან ვინმეს როგორ არ უნდა მოწონდეს, მაგრამ არის კონსტიტუცია, არის სამართლებრივი სისტემა და ქვეყანა უნდა დარჩეს ამ სისტემაში. ნებისმიერი, ვინც გამოიწვევს სახელმწიფოს, პრინციპში, უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.