დიმიტრი ცქიტიშვილი - კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკითხზე საზოგადოებასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო
დიმიტრი ცქიტიშვილი - კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკითხზე საზოგადოებასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკითხზე საზოგადოებასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად უნდა განუმარტონ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კანაფის კულტივაციამ სამედიცინო მიზნებისთვის.

„ვფიქრობ, საკმაოდ მასშტაბური და რთული საკითხია, რომ უცებ მივიღოთ, ამიტომ ამას სჭირდება მეტი კონსულტაცია საზოგადოებასთან. თუ საზოგადოებას დიდი წინააღმდეგობა ექნება, შეიძლება ვერც მივიღოთ ან არც მივიღოთ, რადგან ამ საკითხს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. თუ ჩვენ სწორად მოვახდენთ იმის ახსნა-განმარტებას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კონკრეტულად სამედიცინო მიზნებით კულტივაციამ და რა კონკრეტული ეკონომიკური ბენეფიტი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, მაშინ თუ მივიღებთ მხარდაჭერას, უნდა მივიღოთ კანონპროექტიც“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, სოფო კილაძის განმარტებით, გუნდში წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე კანონპროექტზე მსჯელობის დრო არ ჰქონდათ. თუმცა, კილაძესაც მიაჩნია, რომ კანონის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ამის ნება საზოგადოებაში იარსებებს.

„ამაზე არ გვქონდა დრო, რომ გუნდში გვემსჯელა, იცით, დაძაბული არჩევნები იყო და არ გვქონდა რესურსი, რომ ამაზე გვემსჯელა. ჩვენი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ არ იქნება ეს ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები, ამას მხარს არ დავუჭერთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მისაღები, რომელიც ჩვენი ერის ინტერესების წინააღმდეგ იქნება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე დღეს სავარაუდოდ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ჯანდაცვის კომიტეტზე გამოვიდა.