დიმიტრი ცქიტიშვილი - გენერალურ პროკურატურას ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ ბრალი რომ არ წარედგინა, ალბათ, დანაშაული ამაში უფრო იქნებოდა
დიმიტრი ცქიტიშვილი - გენერალურ პროკურატურას ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ ბრალი რომ არ წარედგინა, ალბათ, დანაშაული ამაში უფრო იქნებოდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, გენერალურ პროკურატურას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალი რომ არ წარედგინა, ალბათ, დანაშაული ამაში უფრო იქნებოდა.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, გამოძიების საბოლოო შედეგები და სასამართლო განხილვები საზოგადოებას აჩვენებს, საქმეში არის თუ არა რაიმე პოლიტიკური ნიშანი.

„მგონია, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდება და ნათელ პროცესს მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დაინახავს. გამოძიების პროცესში რა ხდება, ეს ინფორმაცია არ მაქვს. საქმის დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის საკითხი უნდა გაიმიჯნოს.

„ანაკლიის კონსორციუმმა ანაკლიის პორტის მომგებიანობა უნდა დაასაბუთოს. კერძოდ, ინვესტორებს უნდა დაუსაბუთოს და ინვესტორები შემოვლენ. ის, რომ რისკები სახელმწიფომ დააზღვიოს, მგონია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის, ამხელა გიგანტური პროექტის რისკები დააზღვიოს. ინვესტორები მოგებაზე მოვლენ და არა იმაზე, ვინ იქნება ხელმძღვანელი. ბუნებრივია, თუ მას რეპუტაცია არ ექნება, რადგან სხვა საქმეში შეიძლება რეპუტაცია გაუტყდა, ესეც პრობლემა იქნება, თუმცა ეს სახელმწიფოს არ უკავშირდება“, – დასძინა ცქიტიშვილმა.