დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტს საქართველოს ოკუპაციაზე ასეთი მასშტაბის რეზოლუცია აქამდე არ მიუღია
დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტს საქართველოს ოკუპაციაზე  ასეთი მასშტაბის რეზოლუცია აქამდე არ მიუღია

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტრიბუნიდან რეზოლუციის მიღებას. მსგავსი მასშტაბის რეზოლუცია ოკუპაციაზე ევროპარლამენტს საქართველოზე არ მიუღია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ მათი მხრიდანაც ასეთივე შეფასებები გაკეთდეს.

„ევროპარლამენტი, რომელიც უმაღლესი ევროპული ორგანოა, გააკეთებს განაცხადს ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკვე წლებია ჩვენი შეშფოთებისა და წუხილის საგანია. საერთაშორისო თანამეგობრობა  საქართველოს ხელისუფლების გვერდით არის იმ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. მოწოდებები რეზოლუციაში არის ყველა იმ საკითხზე, რომლის კონსტატაციაც ხდება პირველ ნაწილში. რეზოლუციის თანახმად, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები . რეკომენდაციების ნაწილში ყველა მნიშვნელოვანი საკითხია თავმოყრილი. ევროპარლამენტი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ მათი მხრიდანაც ასეთივე შეფასებები გაკეთდეს. რაც შეეხება ტერმინებს. დიპლომატიური ლექსიკისთვის ამას უდიდესი დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია დამკვიდრება და მათი შენარჩუნება. ოკუპაციის ტერმინი დამკვიდრებულია, მაგრამ მისი დაფიქსირება და გაჟღერება სხვადასხვა ფორმატებში უმნიშვნელოვანესია იმ პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლისთვის, რომელსაც საქართველო აწარმოებს. ამის პრეცედენტი ევროპარლამენტს არ ჰქონია. ასეთი მასშტაბის რეზოლუცია ოკუპაციაზე ევროპარლამენტს საქართველოზე არა მიუღია. ევროპარლამენტი ომიდან 10 წლის შემდეგ იტყვის, რომ გადაუჭრელი პრობლემები სახეზეა, არის ახალი გამოწვევები ევროპისთვის რუსეთის მხრიდან და ეს საკითხები არ უნდა დაივიწყოს ევროპულმა საზოგადოებამ”,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.