დიმიტრი ცქიტიშვილი - დამატებითი გარემოებების არსებობაზე საფუძვლიანი ეჭვი არასრულწლოვნების გამოკითხვების შემდეგ გაგვიჩნდა
დიმიტრი ცქიტიშვილი - დამატებითი გარემოებების არსებობაზე საფუძვლიანი ეჭვი არასრულწლოვნების გამოკითხვების შემდეგ გაგვიჩნდა

დამატებითი გარემოებების არსებობაზე საფუძვლიანი ეჭვი არასრულწლოვნების გამოკითხვების შემდეგ გაგვიჩნდა, – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი არ აკონკრეტებს, რა ახალ გარემოებებზეა საუბარი და კონკრეტულად ვის ეხება.

„ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ის ჩვენებები, რომელთანაც გვაქვს საქმე, ბუნებრივია, არის გამოძიების ნაწილი და არ უნდა მოხდეს ისე, რომ დავაზიანოთ გამოძიების ძირითადი ღერძი, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. ჩვენ რაც კომისიის ფარგლებში დავინახეთ, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელზე გვექნება საუბარი. არასრულწლოვნების ბოლო ორკვირიანი გამოკითხვების შედეგად, ჩვენ გაგვიჩნდა განცდა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ შსს-ს. შესაბამისად, მათთან გვექნება კომუნიკაცია, ვეცდებით, ოპერატიულად მოხდეს ამ დეტალებზე რეაგირება. ეს არ იქნება წერილობითი რეკომენდაცია, იქნება სიტყვიერი კომუნიკაცია. ჩვენს კონკრეტულ ეჭვებს, შეხედულებებს, დაკითხვების ჩანაწერებს გავუზიარებთ საგამოძიებო სტრუქტურებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ინფორმირებულია თუ არა ახალ გარემოებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „გარკვეულწილად ინფორმაცია მათაც აქვთ“.

ამასთან, კითხვაზე, დამნაშავეთა რიცხვი იზრდება თუ არა, მან განაცხადა, რომ დეტალებისგან თავს იკავებს.