დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკა და ქმედება მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებსა და ოჯახებზე
დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკა და ქმედება მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებსა და ოჯახებზე

ჩვენ ვართ ძალიან თვითკრიტიკული, ვაანალიზებთ პოლიტიკურ შეცდომებს, რომელიც გვქონდა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი გააზრება ხდება ყველაფრის, რაც შეიძლება წლების განმავლობაში დაგროვდა და უკმაყოფილებაში გამოიხატა.

„ვფიქრობ, ძალიან ჯანსაღი პროცესია. ეს ჯანსაღი პროცესი დაგვანახებს გზას, საით უნდა წავიდეთ. ძალიან ბევრი საინტერესო კონტური გამოიკვეთა. ორი ძირითადი მიმართულებაა: ერთი – საარჩევნო კამპანიაში გარკვეული კორექტირებები უნდა მოხდეს და ამის ორგანიზაციული-სტრატეგიული-ტაქტიკური ხედვები უნდა შეიცვალოს, მეორე – ზოგადად, „ქართული ოცნების“ კომუნიკაცია და ურთიერთობა საზოგადოებასთან, ჩვენი პოლიტიკის მეტად დაკავშირება საზოგადოების სიკეთეებთან, ეს არის პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე. მეტად ქმედითი უნდა იყოს იმ მიმართულებით, სადაც მოქალაქეები ხედავენ პრობლემას.

„გარკვეული რეიტინგები, ციფრები, რომელიც მართლა წარმატების მაჩვენებელია, ხშირ შემთხვევაში, არ აისახება კონკრეტულ ადამიანებზე. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მოქმედება უფრო მეტად უნდა იყოს საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე, ოჯახებზე ორიენტირებული. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ვინმეს ბრალია წარუმატებლობა. მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის დამარცხება, ეს არის შედეგი, რომელსაც არ ველოდით. ეს არის მოცემულობა. მეორე – არის თუ არა ვინმეს ბრალი, ყველას ბრალია და ყველამ უნდა გავაანალიზოთ ჩვენ ჩვენი მხრიდან, რა შეცდომები და ხარვეზები იყო დაშვებული“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.