დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ხუთი წლის გახდა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი – „ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად“ ხუთი წლის გახდა. იუბილის აღსანიშნავად, დღეს, 15 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება საღამო, სადაც ჟურნალისტები ფონდის ხუთი წლის საქმიანობას შეაჯამებენ.

როგორც ფონდის წარმომადგენელმა, დიტო ცინცაძემ განაცხადა, 2013 წლიდან დღემდე ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის 282 ბავშვს დაეხმარა.

ბენეფიციარებზე დახარჯული თანხა 2 365 000 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად საშუალოდ 20 000 ლარი იხარჯება ბენეფიციართა კვლევებზე, მკურნალობასა და მედიკამენტებზე. ფონდი ასევე უზრუნველყოფს პაციენტთა უცხოეთში გამგზავრებასა და დაბინავებას.

ღონისძიების დასასრულს ასევე, გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება 12 ლოტი. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, შემოსული თანხა ფონდის 12 შვილობილის მკურნალობას მოხმარდება.

დატოვე კომენტარი