„დილაში“ „ჩიხურადან“ ჩიტეიშვილიც გადავიდა - ქართველი, რომელიც მესისთან ერთად ტოპ10-ში მოხვდა (ვიდეო)
„დილაში“ „ჩიხურადან“ ჩიტეიშვილიც გადავიდა - ქართველი, რომელიც მესისთან ერთად ტოპ10-ში მოხვდა (ვიდეო)

საჩხერის „ჩიხურადან“ გორის „დილამ“ დავით მაისაშვილთან ერთად რეზო ჩიტეიშვილიც დაიმატა – 25 წლის მარჯვენა მცველზე (რომელიც საჩხერეში საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა) ინფორმაციას „დილას“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

რეზო ჩიტეიშვილმა ახალ გუნდში ჩარიცხვაზე კომენტარი გააკეთა და „დილაში“ გადასვლის მოტივები დაასახელა.

„ამ გადაწყვეტილებისკენ კლუბში არსებულმა საფეხბურთო გარემომ მიბიძგა, გუნდს აქვს ყველაფრი იმისთვის, რომ აქ მოსულამ ფეხბურთლმა სრულფასოვნად მოახდინოს კონცენტრირება საკუთარ საქმზე. მჯერა, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შევძლებთ. გორელ გულშემატკივარს რაც შეეხება, მათი საყვარელი გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ, რათა სეზონი მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ“ – ამბობს რევაზ ჩიტეიშვილი

საინტერესოა, რომ 2016 წლის 21 მარტს, რევაზ ჩიტეიშვილის მიერ თბილისის „დინამოსთან“ გატანილი გოლი ინტერნეტგამოცემა „ფუტბოლ რუმმა“ თვის საუკეთესო გოლების ათეულში შეიყვანა. 23 თებერვალს, „დინამო არენაზე“, „ლოკომოტივი“ ჩემპიონატის ლიდერთან 1:2 დამარცხდა. 53-ე წუთზე ანგარიში მაშინ „ლოკომოტივში“ მოთამაშე ფლანგის მცველმა გახსნა – 30 მეტრში მყოფმა ჩიტეიშვილმა ძლიერად დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

მაშინ ჩიტეიშვილთან ერთად, ტოპ-ათეულში ასევე დაასახელეს ლეო მესი (ჯარიმა „სევილიას“ კარში), ლევერკუზენელი ქარიმ ბელარაბი (გოლი ევროპალიგაზე, „სპორტინგთან“ საპასუხო შეხვედრაში), „რეინჯერსის“ თავდამსხმელი კენი მილერი, „რომასა“ და იტალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტეფან ელ შაარავი („ემპოლის“ კარი აიღო).