„დილას“ უკრაინელი მწვრთნელი - შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხი არ მომეწონა
ეროვნულ ლიგაში სტარტი და ქობულეთის „შუქურასთან” მოგება (1:0) გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ და გუნდის ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ შეაფასეს.
„შედეგი ძალიან კარგია. პირველი მატჩი იყო და კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის მოპოვება, ამიტომ მიხარია, რომ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა კარგად მესმის, რა გახდა მიზეზი – პირველი მატჩი იყო, ფეხბურთელებს ნერვიულობა ეტყობოდათ. ფსიქოლოგიური წნეხი იყო და ეს თამაშში ხელს უშლიდათ. ამიტომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ”, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.
„რთულ მატჩს ველოდებოდით, ვინაიდან ახალგადმოსული გუნდის კვალობაზე „შუქურა“ ძალიან ამბიციური გუნდია და ასეც მოხდა. ეს გამარჯვება ადვილი მოსაპოვებელი არ ყოფილა. რაც შეეხება პირადად ჩემს თამაშს, სიმართლე რომ გითხრათ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, მაგრამ მთავარი ჩემპიონატის კარგი დაწყება იყო და ეს მოვახერხეთ“, – აღნიშნა ირაკლი ბუღრიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის „შუქურასთან” ორივე მათგანს გორის „დილაში“ დებიუტი ჰქონდა. 44 წლის სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო უკრაინელია, მაგრამ საფეხბურთო კარიერა მოსკოვის ცსკა-ში (1992–1994) დაიწყო და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა, რომლის ფორმით მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და შემდეგ ამსტერდამის „აიაქსში“ (1995–1998) გადავიდა. ორი წელი იყო შოთა არველაძის თანაგუნდელი (რომელიც ნიდერლანდურ გრანდში 1997–2001 წლებში გამოდიოდა). სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის „მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, 2019-20 წლების სეზონში კი ხარკოვის „მეტალისტში“ ჯერ მწვრთნელის ასისტენტი გახდა, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გორის „დილა“ კი ახალი წლიდან ჩაიბარა.
22 წლის შემტევი ირაკლი ბუღრიძეც გორის „დილაში“ წელს გადავიდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 2018 წლის ჩემპიონატში საჩხერეს „ჩიხურაში“ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ბელგიურ „ბეერსხოტში” გადავიდა. მაგრამ ერთ წელიწადში გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და 2020 წელს თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა. მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა.