დილას მორიგი ტრანსფერები - ერთი ქართველი, ერთიც მალავიელი
დილას მორიგი ტრანსფერები - ერთი ქართველი, ერთიც მალავიელი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის „დილა“ კიდევ ერთ მალავიელ ფეხბურთელს გაიფორმებს. საუბარია 19 წლის პიტერ ბანდაზე, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის, მალავის ნაკრების კანდიდატი და მალავის ჩემპიონატის გამარჯვებულის, „ბიგ ბულეტსის“ ნახევარმცველია.

ამ ქვეყნის გუნდი ფიფას რეიტინგში 123-ე ადგილზეა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გორის „დილას“ არაოფიციალურ გვერდთან დაადასტურა, რომ ის უახლოეს დღეებში საქართველოში გამოფრინდება და გორულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მანამდე მალავის პრესაზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ „დილაში“ „ფორვარდ უონდერერზის“ 19 წლის ნახევარმცველი ფრანსისკო მანდინგა ითამაშებს. ის მალავის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.

ამას გარდა, გორის „დილაში“ თემურ მარკოზაშვილიც ითამაშებს. 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მარკოზაშვილი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, „ცხინვალში“, „სამტრედიაში“, 2018 წლიდან კი საჩხერის „ჩიხურაში“ გამოდიოდა, სადაც 61 შეხვედრაში სამი გოლის გაიტანა.