„დილამ“ ლიდერი „იბერია“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. „იბერიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.
„დილამ“ გათამაშების ლიდერთან შესანიშნავად ითამაშა და პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-13 წუთზე თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი ტაირელ ვოუტერმა გამოიყენა და „დილა“ დააწინაურა. მე-19 წუთზე კი საჯარიმოს სიახლოვესთან ბურთი ახალგაზრდა ზურაბ რუხაძემ მიიღო და ეფექტური დარტყმით გორელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
35-ე წუთზე „იბერიას“ კარში მეორე პენალტიც დაინიშნა. დანიშნული საჯარიომო ნიკა გაგნიძემ ვერ გამოიყენა – მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვოუტერმა დუბლი შეასრულა და გორელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში „იბერიამ“ სხვაობა შეამცირა. მსაჯმა მესამე პენალტი დანიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა. მაგრამ, თბილისელებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს – 90+7-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ „დილას“ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
გორის „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადავიდა, „იბერია“ კი (29) მეორე ადგილზე დაქვეითდა.