„დილამ“ ლატვიიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილაში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეა – გუნდი ბევრმა ლიდერმა დატოვა, მათ ნაცვლად კი რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.
„დილას“ შეუერთდა ზურაბ რუხაძე, რომელმაც გასული სეზონი ლატვიურ „მეტაში“ ჩაატარა. „საბურთალოს“ აღზრდილი 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველია. რუხაძე ლატვიაში 2023 წელს გადავიდა.
„დილაში“ ითამაშებენ მეკარეები, დავით კერესელიძე („დინამო თბილისი“) და ნიკა ქავთარაძე („მეშახტე“), თავდამსხმელი, შოთა შეყილაძე („ზესტაფონი“).
გორელთა კლუბს ლეგიონერებიც დაემატნენ – თურქეთის „ბაშაკშეჰირიდან“ ფლანგის შემტევი ალია ტურე, რუმინეთის „უტა არადიდან“ ნიდერლანდური „ჰერენვენის“ აღზრდილი თავდამსხმელი კივონ ლეიდსმანი, სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ფლანგის ნახევარმცველი, იბრაჰიმე დრამე ვენის „აუსტრიიდან“ და მალის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ბუბაკარ კონტე, რომელიც ბოლოს ნორვეგიის „ფრედკრიკსტადში“ გამოდიოდა, მანამდე კი პორტუგალიურ „ნასიონალშიც“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს გუნდი ალეფ სანტოსმა, ვანდერსონ სილვამ და ონორე გომისმა დატოვეს (ისინი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებენ). „დილადან“ ასევე წავიდნენ: რევაზ ჩიტეიშვილი, ევგენი კუჩერენკო, ზურაბ თევზაძე, თორნიკე ძოწენიძე, მიშიკო სარდალიშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, სერგი კუხიანიძე და ბანტუ მზვაკალი.