„დილამ“ გიორბელიძის ტრანსფერზე განცხადება გაავრცელა - იმედია, მალე ნაკრებშიც მოხვდება
„დილამ“ გიორბელიძის ტრანსფერზე განცხადება გაავრცელა - იმედია, მალე ნაკრებშიც მოხვდება
გორის „დილა“ გურამ გიორბელიძის მიერ ავსტრიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „ვოლსბერგერთან“ გაფორმებულ კონტრაქტს გამოეხმაურა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეს წარმატებები უსურვა.
„კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, გურამი ივლისის ბოლომდე „დილას“ რიგებში დარჩება, ახალ კლუბს კი აგვისტოდან შეუერთდება. გიორბელიძის ახალი გუნდი 2020-21 წლების სეზონის ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია“ – წერია „დილას“ ოფიციალურ გევრდზე.
კლუბის განცხდებაში აქცენტი მოთამაშის კარიერისთვის ამ ტრანსფერის მნიშვნელობაზეც გაკეთდა: „მოხარულები ვართ, რომ „დილა“ გიორბელიძისთვის წარმატების ტრამპლინად იქცა და ჩვენს კლუბს მისგან მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ვიმედოვნებთ, რომ კარიერული წინსვლა გურამისთვის საწინდარი გახდება აისრულოს ყველაზე მთავარი მიზანი და მოირგოს ეროვნული ნაკრების მაისური, რაც ყველა პროფესიონალი ფეხბურთელის ოცნებაა“.
გორის „დილას“ ადმინისტრაცია ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურების მნიშვნელობასაც აღნიშნავს: „ჩვენ მომავალშიც ვეცდებით და გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ აღნიშნული პრეცედენტი მხოლოდ დასაწყისი იყოს და მომავალშიც გავუხსნათ გზა ნიჭიერ მოთამაშეებს ევროპული კარიერისკენ. დიდ მადლობას ვუხდით გურის ჩვენს კლუბში გატარებული პერიოდისა და იმ სამსახურისთვის, რომელიც მან ჩვენი კლუბისთვის გასწია და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში”.