„დილამ“ გასვლაზე მოიგო, „რუსთავმა“ ლიდერი „იბერია“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის ორი შეხვედრა თბილისში გაიმართა. „სპაერმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის ბოლოს, 87-ე წუთზე მოჰამედ კანტემ გაიტანა.
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ჩატარებულ ლიდერთა დაპირისპირებაში „რუსთავმა“ მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი „იბერია“ 2:1 დაამარცხა. ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში მე-13 წუთზე ავთანდილ გუჯაბიძის გოლით გახსნეს. „იბერიამ“ წონასწორობა ამირან ძაგანიას ზუსტი დარტყმით 21-ე წუთზე აღადგინა.
მატჩის გარდამტეხი ამბავი 59-ე წუთზე მოხდა. არბიტრმა თბილისელთა ცენტრალურ მცველს, ვაჰიდ სელიმოვიჩს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. „რუსთავმა“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 90+1 წუთზე ირაკლი იაკობიძის თავური დარტყმით გამარჯვება გაიფორმა.
წაგების მიუხედავად, პირველი წრე „იბერიამ“ 17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, მეორეზე გორის „დილაა“ (16), მესამეზე – „რუსთავი“ (15), ხოლო „სპაერი“ (11) მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა.