„დილა“ თასის მეოთხედფინალშია - გორელთა ბრაზილიელმა ახალწვეულმა ეფექტურად გაიტანა (ვიდეო)

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღე „სპაერის“ სტადიონზე გამართული მატჩით დასრულდა – ლიგა 3-ის ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის „სპაერმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში 68-ე წუთზე გორელთა ახალწვეულმა ვანდერსონ სილვამ გახსნა – 28 წლის ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა „დილას“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ძალიან ეფექტურად გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა დააფიქსირა და საბოლოოდ, შეხვედრა გორელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები 20 და 21 სექტემბერს გაიმართება. ყველაზე საინტერესო იქნება 21 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ გასამართი შეხვედრა „საბურთალოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის – საბურთალოელებს მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გაიყვანს. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

 

1/8 ფინალი

კვირა, 20 სექტემბერი

ბეთლემი – ტორპედო

15:30. ქობულეთი – ჩელე არენა

თბილისი სითი – სამტრედია

15:30. თბილისი – სპაერი

თელავი – მერანი თბილისი

19:00. თელავი – კავკასიონი არენა

 

ორშაბათი, 21 სექტემბერი

საბურთალო – დინამო თბილისი

15:30/ თბილისი – მიხეილ მესხი

ჩიხურა – ლოკომოტივი

15:30. ივანწმინდას სტადიონი