„დილა“ „დინამო ბათუმს“ დაეწია, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო, „თელავმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„დილა“ „დინამო ბათუმს“ დაეწია, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო, „თელავმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა – „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

ანგარიში „სამგურალმა“ მე-11 წუთზე გახსნა. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გრიგოლ დოლიძემ განავითარა და მისი გადაცემით მეტოქის კარი ირაკლი ლექვთაძემ აიღო. „თელავმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 55-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კუთხური შეასრულა, ბურთს მიმართულება თორნიკე ძოწენიძემ შეუცვალა, რევაზ ინჯგიამ კი დამატებაზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

დინამო-არენაზე“ „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო. გორელები მე-4 წუთზე ფრანცისკო მადინგამ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა უსმანე კამარამ გაზარდა. 64-ე წუთზე „ლოკომოტივის“ მცველმა ანგარიში შეამცირა 1:2, მაგრამ საბოლოოდ, „დილამ“ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

ამ მოგებით გორის „დილამ“ 22 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ დაეწია, „ლოკომოტივმა“ კი ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო. „სამგურალი“ (13 ქულა) „შუქურას“ დაეწია, ხოლო „თელავი“ (8 ქულა) – „სამტრედიას“, მაგრამ ისევ მე-9 ადგილზეა.

ტურში კიდევ სამი მატჩი გაიმართება: დღევანდელ სათამაშოს დღეს ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ ტორპედო-საბურთალოს დაპირისპირება დაასრულებს, ხოლო 8 მაისს „სამტრედია“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს, ტურის ცენტრალურ შეხვედრას კი ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს – ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.