„დილა“ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება
„დილა“ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის მზადება, რადიკალურად განახლებული შემადგენლობით დაიწყო.

მთავარი სიახლე ისაა, რომ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა დატოვა, რომელიც „თელავის“ დამრიგებელმა, გიორგი დეკანოსიძემ შეცვალა.

37 წლის სპეციალისტი „დილაში“ 2017 წელსაც მუშაობდა – ჯერ ზივ არიეს თანაშემწის, შემდეგ კი გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, რის შემდეგაც, ეროვნული ლიგა-2 ის „თელავი“ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც ქუთაისის „ტორპედოსთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

გუნდი ლეანდრო რიბეირომ დატოვა, რომელიც GFF AWARDS 2018-ზე ეროვნული ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს და წლის ლეგიონერადაც აღიარეს. წასვლა უნდა მიკოლა კოვტალიუკს, მაგრამ ის ჯერ „დილასთან“ ერთად ვარჯიშობს.

გორელებმა დაიმატეს საჩხერეს „ჩიხურას“ მცველი ბაქარ მირცხულავა და ბოლნისის „სიონის“ ფლანგის მცველი გურამ გიორბელიძე – ორივე მათგანმა „დილასთან“ ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილი გახდა, რომ „დილასთან“ კონტრაქტი ორივე მეკარემ – 27 გწლის გიორგი ბეგაშვილმა და 21 წლის ლუკა გუგეშაშვილმა გაახანგრძლივა. პირველი „დილაში“ კიდევ ორი წლით ითამაშებს, ხოლო მეორე – ნახევარი წლით.

განსაკუთრებით აღსანიშნავი გუგეშაშვილის დარჩენაა, რომელიც გუნდს 2018 წლის დასაწყისში შეუერთდა – საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კიპერი გუნდში პოლონური „იაგელონიადან“ იჯარის წესით გადავიდა და 17 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 11-ჯერ (?!) კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მას საქართველოს ნაკრების მომავალ კარის დარაჯად სამართლიანად მოიაზრებენ. ლუკა გუგეშაშვილი გასული სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა, ხოლო სეზონის მსვლელობისას სხვადასხვა გამოცემების სიმბოლურ ნაკრებში არაერთხელ მოხვდა.

„დილაში“ ზაურ კერელეიშვილი დაბრუნდა – 20 წლის მარჯვენა მცველი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი, იჯარით ფოთის „კოლხეთში“ გაატარა და საქართველოს 20 წლამდე ნაკრებშიც ითამაშა.

გორელებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშესთან გააფორმეს კონტრაქტი: საქართველოს 18- წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველმა, გოგი მამულაშვილმა „დილასთან“ კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა. 17 წლის ფეხბურთელი კლუბის აღზრდილია და ძირითად გუნდში დაწინაურებამდე ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მამულაშვილს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი შარშანდელ სეზონში ჰქონდა და მისი ფორმა ხუთჯერ მოირგო.